„ხალხის ძალა“ მორიგ წერილს აქვეყნებს. „ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უკვე დაწყებული აქვს მოსამზადებელი სამუშაოები. სხვებზე არანაკლებ აქტიურობს „გლობალური ომის პარტია“, რომლის მთავარი საზრუნავი „ნაცმოძრაობის“ ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერება და მის მიერ ბარიერის გადალახვაა, – აცხადებენ „ხალხის ძალის“ წევრები. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „გლობალური ომის პარტიის“ მთავარი საზრუნავია, 5-6 სუბიექტი ისე შეკრას, რომ 15%-ს ერთად მოუყაროს თავი, რათა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ფსევდოშუაშისტურმა დანაყოფმა ერთად 30-35% მოაგროვონ. ამასთან, როგორც „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, გეგმის სათავეში სალომე ზურაბიშვილია მოაზრებული.
„კვლევები აჩვენებს, რომ მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებში 55-60%-ს მიიღებს, ნაცმოძრაობა – 15-20%-ს, ხოლო 10% გარანტირებულად დაიკარგება იმ პარტიებზე, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ. ფსევდოშუაშისტური პარტიის შექმნას დიდი წარმატება არ უწერია. ზურაბიშვილის, ლომჯარიას, ხაზარაძის, გახარიას, მელიას, გვარამიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ერთობა არანაცურ გაერთიანებად ვერაფრით გაიყიდება“, – ვკითხულობთ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.