„ხალხის ძალის“ განცხადება

„ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას აქვეყნებს. „რადიკალურმა ოპოზიციამ გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის მთელი რიგი აღიარებითი ჩვენებები მიეცა. რამდენიმე რადიკალმა გულახდილად აღიარა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ ემხრობა. ამას დაემატა აღიარებითი ჩვენებები, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ევროპაში კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებდნენ, რასაც ხელისუფლება თვეების განმავლობაში ამტკიცებდა. წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ ყველაზე გამორჩეული აღიარება, თამარ ჩერგოლეიშვილსა და, შესაბამისად, გიგა ბოკერიას ეკუთვნით, რომლებმაც განაცხადეს, ტვინისგან დაცლილმა ოპოზიციამ „ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით“ სარგებლობა ვერ მოახერხაო.

ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით ვერსარგებლობა ტვინისგან დაცლილი ოპოზიციის შედეგია, თუ ხელისუფლების გამჭრიახობის, ეს ცალკე საკითხია. ჩვენ უფრო მეორე ვერსიისკენ ვიხრებით, თუმცა, ერთი მეორეს საერთოდ არ გამორიცხავს. აქ მთავარი ისაა, რომ ორმა წარჩინებულმა უცხოელმა აგენტმა ზუსტად ის აღიარა, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით – 2021 და 2022 წლის კრიზისები სწორედ ევროკავშირის ხელით შეიქმნა. ყველას გვახსოვს, როგორ უწოდეს ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის საპარლამენტო საბოტაჟს, რითაც ხელისუფლება აიძულეს, 43-პროცენტიან ბარიერს დათანხმებოდა და რიგგარეშე არჩევნების რისკზე წასულიყო. მათივე თქმით, აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება უკვე საბოლოოდ გადაწყდა.