„დღეს საქართველოსგან არც ევროკავშირი და არც აშშ-ი არანაირ რეფორმებს არ ელოდება, მათი მოთხოვნების მარტივი ანალიზიდანაც ჩანს, რომ დღეს საქართველოს ევროინტეგრაცია ქვეყნის დანგრევაზე გადის“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ევროკავშირსა და ამერიკაში უკვე აღარ მალავენ რეალურ მიზეზებს, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ უკუსვლაშია დადანაშაულებული და ევროინტეგრაციის პროცესი გაყინულია. „ჩვენი ქვეყნისგან დღეს კონკრეტულ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და მეორე ფრონტს ითხოვენ. ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ განსაკუთრებით ხელს უშლით გამჭვირვალობის კანონი, რადგან საქართველოში მათთვის სასურველი, ყველა დავალების შემსრულებელი ხელისუფლების მოყვანის ერთადერთ გზად სწორედ შავი ფულით დაფინანსებული არასამთავრობოები ესახებათ. „საქართველოშიც და ევროპის ქვეყნებშიც თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების მქონე ადამიანები ნათლად ხედავენ, რომ დღეს ევროპა ღრმა კრიზისშია და აგენტოკრატიის მმართველობის მძიმე შედეგებს იმკის“.„ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპა მალე გათავისუფლდეს მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან. თუმცა იქამდე ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს. ქართველი ხალხის გონიერება თუ გაიმარჯვებს, ჩვენს ქვეყანასაც გავიყვანთ სამშვიდობოს და ევროპელ ხალხსაც ვაჩვენებთ იმის მაგალითს, როგორ არ უნდა დაუთმო შენი ქვეყანა აგენტურას, რაც უნდა დიდი და მძიმე იყოს ზეწოლა“, – აღნიშნულია ხალხის ძალის განცხადებაში.