„ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს.
წერილში აღნიშნულია: 2008 წლის აგვისტოს ომი, ადამიანების წამებასთან და მკვლელობასთან, ასევე ბიზნესის რეკეტთან, ტელევიზიების მიტაცებასთან, არჩევნების ტოტალურ გაყალბებასთან ერთად არის „ნაციონალური მოძრაობის“ უმთავრესი დანაშაული. ამ პოლიტიკურმა ძალამ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე.
როგორც „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, 2008 წლის ომი არ ყოფილა სპონტანური დანაშაული, რასაც ის ფაქტი მოწმობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ამ ომს მთელი სამი წლის მანძილზე ამწიფებდა. ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, დაიწყო სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, სამხედრო პროვოკაციების სერია, რაც რეგიონში ვითარებას მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ძაბავდა. 2005 წელს მიღებულ იქნა კანონი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ“. ამ კანონის საფუძველზე, მალევე დაფუძნდა „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული“ და აღდგა გამსახურდიას ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ 1991 წელს გაუქმებული ავტონომიური ოლქის საზღვრები. სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზებით, ჩატარდა ალტერნატიული სეპარატული არჩევნები. ცხინვალის რეგიონში ერთმანეთის მიყოლებით იქმნებოდა „ენჯეოები“, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავდნენ და ახორციელებდნენ. პარალელურად, კოდორის ხეობას ეწოდა ზემო აფხაზეთი, გამოაძევეს ხეობის ადგილობრივი მცველები და კოდორში შინაგანი ჯარი და სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს. ამ ქმედებებს მოჰყვა უმწვავესი რეაგირება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მხრიდან, რომელმაც 2006 წლის 13 ოქტომბრის რეზოლუციით სააკაშვილის რეჟიმს 1994 წლის მოსკოვის სამშვიდობო შეთანხმების უხეშ დარღვევაში დასდო ბრალი. მოგვიანებით სააკაშვილმა კოდორის ხეობა ერთი ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარა და ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებაც სრულად ადგილზე დატოვა. 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის მასირებული დაბომბვა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ მოღალატეობრივ დანაშაულთა მხოლოდ კულმინაცია იყო, რომელმაც შედეგად საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დაკარგვა, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, 400-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და 30 ათასი ადამიანის დევნილობა მოიტანა. „ხალხის ძალაში“ ასევე აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ სატელიტ პარტიებს არავითარი დამოუკიდებელი იდეოლოგია და იდენტობა არა აქვთ. როდესაც არაფერი განგასხვავებს და მაინც ცალკე პარტიებად რეგისტრირდები, აშკარაა, რომ ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი „ნაცმოძრაობის“ არალეგიტიმურობისთვის ხელოვნური საფარველის შექმნაა. არჩევნების შემდეგ „ნაცმოძრაობამ“ ყველა დანაშაულისთვის კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი, – წერია ხალხის ძალის განცხადებაში.