„ხალხის ძალა“ ამერიკის კონგრესში გამართულ მოსმენას ეხმაურება. უსამშობლო „ქართველების“ მონაწილეობით მოწყობილმა სიბოროტით და რევანშიზმით აღსავსე კლოუნადამ კიდევ ერთხელ, ამჯერად ყველაზე მკაფიოდ ახადა ფარდა საქართველოსთან დაკავშირებით, დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის ცხოველურ ინტერესებს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ნებისმიერი ფორმით მოიშორონ და მმართველობაში მათი აგენტურა დააბრუნონ. საქართველოს წინააღმდეგ ვერაგული გეგმის მიუხედავად, დღეს ქართული საზოგადოება მზად არის, გაუძლოს ნებისმიერ ზეწოლას და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას.
„ნათლად გამოჩნდა, რომ გადაკვეთეს ყველა წითელი ხაზი და ამ მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევენ. ცინიკურად, ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის დასაცინად, საქართველოზე მსჯელობას „მეგობარი აქტი“ დაარქვეს და როგორც მოსისხლე მტრებს, ისე მოგვექცნენ.
საქართველოსადმი „მტრული აქტის“ განხილვის პროცესში რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოიკვეთა, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი რევოლუციით მუქარა და ქვეყნის განადგურება, ანუ უკრაინიზაციაა. კარგად დააკვირდით, რას ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი. უკრაინის დემოკრატიით აღფრთოვანებული დიპლომატი პირდაპირ რევოლუციით და ჩვენი ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევით გვემუქრება. არადა, ყველა ვხედავთ, რა ხდება დღეს უკრაინაში.
წარმოუდგენელი ტყუილი იკადრა კონგრესმენმა სტივ კოენმა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება მათი ნომრიანი აგენტის, სააკაშვილის წამებაში დაადანაშაულა – ვკითხულობთ „ხალხის ძალის“ განცხადებაში. სადაც ასევე აღნიშნულია – საქართველოსადმი „მტრული აქტის“ ყველა ავტორსა თუ სულის ჩამდგმელის პასუხს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გასცემს.