ლევან ხაბეიშვილის მორიგი რეზონანსული განცხადება, რამაც ოპოზიციურ წრეებში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხელისუფლების შეცვლის რესურსს მხოლოდ მის პოლიტიკურ ძალაში ხედავს, დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს კი რეიტინგების გასაზრდელად დახმარებას სთავაზობს.
ხაბეიშვილის მთავარი გზავნილია, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, დანარჩენმა ოპოზიციამ თავად უნდა მიაკითხოს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას სათანამშრომლოდ. პოლიტიკოსს, რომლის არჩევამ ისედაც ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა, არჩევნებში მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის გარეშე ვერ ესახება.
რეაქციები მძიმე აღმოჩნდა. ოპოზიციის ნაწილმა ლევან ხაბეიშვილს დღეს პირდაპირ უთხრა, რომ მის პოლიტიკურ ძალასთან წინასაარჩევნოდ კოორდინაციის თუ თანამშრომლობის სურვილი არ აქვს. თუმცა, არსებობს დილემა – ეს იმ შემთხვევაში, თუ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 2024 წლისთვის ძალაში დარჩება.
წინა წლებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საარჩევნო ბლოკის შექმნის თუ მის გარშემო გაერთიანების პრეცედენტებისა და მიღებული საარჩევნო შედეგების ფონზე, გიორგი კობერიძე არკვევდა, რა პოლიტიკური კონფიგურაციებია მოსალოდნელი ამჯერად ოპოზიციურ ფლანგზე.