ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო 12 პუნქტის შესასრულებლად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხელისუფლებას ვადას 9 აპრილამდე აძლევს.
ყოფილი ოპოზიციური პარტიის დღის წესრიგში ახლა სწორედ ეს საკითხი აქტიურდება. ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ და ისტორიულ დღეს ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს. თუმცა, გეგმას მის გუნდშიც კი იწუნებენ. აღმოჩნდა, რომ ხაბეიშვილის ამ იდეის შესახებ პარტიაშიც არ იცოდნენ, რაც ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პირველი შემთხვევა არ არის. რეაქციები კიდევ უფრო მძიმე იყო სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, რომლებიც სამუშაო ჯგუფებს პირველივე დღიდან გამიჯნულ „ნაციონალურ მოძრაობას“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე სამუშაოდ ეპატიჟებიან. უცნობია, შემოიფარგლება თუ არა 9 აპრილს დაანონსებული აქცია მხოლოდ კანდიდატის სტატუსის საკითხით და გაჟღერდება თუ არა სხვა, მათ შორის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დღის წესრიგიდან არ ხსნიან.