ნიკა მელია დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ.
პირველი არხის გადაცემა „დღის თემასთან“ ინტერვიუს დროს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ყოფილი თავდაცვის მინისტრი მწვავედ გააკრიტიკა და მას პოლიტიკიდან შორს ყოფნისკენ მოუწოდა. ირკვევა, რომ „მოოლიგარქო ტიპაჟად“ მოხსენიებულ კეზერაშვილს მელია აღარ ენდობა და ფიქრობს, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად ექს-მინისტრი გულწრფელად მოწადინებული არ არის. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის კრიტიკას მწვავე რეაქციები მოჰყვა გუნდის შიგნით. თანაგუნდელებისთვის ნიკა მელიას პოზიცია მიუღებელი და მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან კეზერაშვილის კრიტიკის პირველი შემთხვევა არ არის. 2017 წელს მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრი წინა ხელისუფლების დროს ბიუჯეტის ძარცვაში დაადანაშაულა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეიცვალა. 2021 წლის მაისში, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით კეზერაშვილთან შესახვედრად წავიდა და მასთან ხელისუფლების შესაცვლელად პარტნიორობაც დააანონსა, თუმცა ამ პარტნიორობამ, როგორც ჩანს, მელია-კეზერაშვილის გზები საბოლოოდ გაყო.