ბექა ჯაიანის დაკავების შემდგომ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი.
როგორც ირკვევა, მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელიც ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, დაკავების შემდეგ სასტიკი დანაშაულის დეტალებზე სამართალდამცველებთან ისაუბრა. გამოძიების ინფორმაციით, წყვილმა უთანხმოების საფუძველზე ურთიერთობა მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე შეწყვიტა. ამის შემდეგ კესარია აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე სოციალურ ქსელში მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოს გასაჯაროების სანაცვლოდ დათანხმდა. როგორც აღმოჩნდა, ბრალდებულმა მსხვერპლი საკუთარი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მოატყუა. გამოძიების ინფორმაციით, ბექა ჯაიანმა ცივი იარაღი, რომლითაც კესარია აბრამიძეს 28 ჭრილობა მიაყენა, მკვლელობამდე სამი საათით ადრე შეიძინა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყვილი პირადი ურთიერთოების გასაჯაროების საკითხზე ვერ თანხმდებოდა, რაც ხშირად იყო კონფლიქტის მიზეზი. პროკურატურა ჯაიანს გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე კი სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.