კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი დაკავებულია. მასთან ამ წუთებში ადვოკატი იმყოფება. პირველი არხის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებული მკვლელობის შემდეგ ავტომანქანით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება დანაშაულის იარაღს – დანას, ის ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გუშინ, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კესარია აბრამიძეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება 26 წლის მამაკაცს გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.