დადებითად აფასებს მთავრობის მუშაობას პანდემიის წინააღმდეგ აშშ-ის ელჩი საქართველოში და ამბობს, რომ ადრეულ ეტაპზე, მკაცრმა გადაწყვეტილებებმა წარმატებით იმუშავა. ვრცელ ინტერვიუში, რომელიც კელი დეგნანმა ერთ-ერთ მედია საშუალებას, „ბათუმელებს“ მისცა, ელჩი დემოკრატიულ პროცესებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ პროგრესი აშკარაა, თუმცა მუშაობა უნდა გაგრძელდეს განსაკუთრებით ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, როგორიცაა მედია და სამოქალაქო საზოგადოება, რაც ასე აუცილებელია დემოკრატიისთვის. გარდა ამისა, კელი დეგნანის თქმით, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, პარტიებმა, კომპრომისის საფუძველზე, საკმაოდ რთულ პრობლემებზე მოახერხეს მუშაობა. ამასთან ელჩი ხაზს უსვამს ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას და ამბობს, რომ ზოგიერთ პარტიას პრინციპული პოზიცია აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა დეგნანს მიაჩნია, რომ ახლა მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა ძალებმა საარჩევნო კამპანია დროულად დაიწყონ.