რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტების ნაწილი კარვებს უკავშირდება.
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მიერ გაშლილ კარვებს ადგილმდებარეობა შეუცვალეს და გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის წინ გადაიტანეს. მოტივად შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი დასახელდა, რომლის მიხედვით ტრანსპორტის სავალი გზის გადაკეტვა დაუშვებელია, თუ მას შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. მოგვიანებით კი, სამართალდამცავებმა კარვები საერთოდ აიღეს, რასაც ადგილზე შეკრებილების პროტესტი მოჰყვა.
პირველი შემთხვევისგან გასხვავებით, კარვების დაშლა ომბუდსმენმაც ნეგატიურად შეაფასა. ნინო ლომჯარია ფაქტს გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევად მიიჩნევს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს დაკავებულ პირებზე დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნებას სთხოვს.