3 აგვისტოს, დილას, რომელიც სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავდებოდა, ავღანეთში ქართული კონტინგენტის მეთაურმა შეტყობინება მიიღო საეჭვო სახლების შესახებ და ქვედანაყოფს მათი შემოწმება და „გაწმენდა“ დაევალა. ჩამოყალიბდა ჯგუფი. სადაზვერვო ინფორმაციის მომპოვებელი სერჟანტის თანამდებობა თემო დადიანს ეკავა – ძირითადად ფოტოკამერით უნდა ემუშავა. ჩატარდა ბრიფინგი და შესაბამისი განკარგულებების გაცემის შემდეგ დანაყოფი დავალებაზე გავიდა.
ერთ-ერთ საეჭვო სახლის ჭიშკართან, რომელიც რკინის იყო და რაც ავღანეთში იშვიათობაა, ნაღმის საძიებო აპარატმა შესაბამისი რეაგირებაც მისცა ლითონს, შევიდა პირველი, რომელსაც მეორე მიჰყვა.. თემო მესამე იყო. როგორც კი მარცხენა ფეხი დადგა თვითნაკეთი ნაღმი მოქმედებაში მოვიდა და აფეთქდა. დადიანს გონება არ დაუკარგავს…
არავინ იცის როგორ განვითარდებოდა ამ ახალგაზრდა კაცის ცხოვრება, რომ არა ის საბედისწერო დღე. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა ხასიათისა და სულის ამგვარ სიმტკიცეს, ისევე როგორც მის მიღწევებს და მისი მარცხიც და გამარჯვებაც ჯართანაა კავშირში.
თემო დადიანი აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში დაიბადა, იქვე დაამთავრა სკოლაც. უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა სწავლა არ გაუგრძელებია და საბუთები, მშობლებისა და ახლობლებისგან მალულად, კრწანისის სასწავლო ცენტრში შეიტანა.ჯართან პირველი შეხებაც ეს იყო. ჯერ ფიზიკური ტესტირება გაიარა, შემდეგ კი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი ქუთაისში. კურსზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ენერგიული და მოტივირებული. ოჯახმა თემოს სამხედრო კარიერის შესახებ ხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც კონტრაქტზე ხელი მოაწერა და საკუთარი სურვილით, უზრუნველმყოფ ბატალიონში ჩარიცხული საბრძოლო ქვედანაყოფში გადავიდა:
„მომზადებული ვიყავი ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, იქ შევიცანი საკუთარი თავი, ფორმა რომ მაცვია სუპერგმირი მგონია თავი, დიდ მოტივაციას მაძლევს დღესაც“,
იმ დროისთვის საქართველო აქტიურად იყო ჩართული ნატო-ს ISAF-ის ოპერაციაში. ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, ძირითადად ჰელმანდის პროვინციაში, ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში იყვნენ განლაგებული.
თემო დადიანმა ქვედანაყოფშივე გამოთქვა ავღანეთში წასვლის სურვილი. გაიარა წინა მოსამზადებელი პერიოდი გერმანიასა და საქართველოში და 2011 წლის 18 აპრილს გაემგზავრა დისლოკაციის ადგილზე.
„ლეზერნიკის“ ბაზაზე კლიმატთან ადაპტაციისთვის 10 დღის განმავლობაში დარჩნენ, შემდეგ კი ჰელმანდში გადაფრინდნენ – მუსაქალაში, სადაც პრაქტიკულად მიწაზე ფეხის დადგმასთან ერთად მოუწიათ ბრძოლაში ჩაბმა. ჩასვლიდან მესამე დღეს ბაზაზე თავდასხმა მოხდა, ჯერ 82 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნებიდან იყო ცეცხლი, შემდეგ შაშხანებიდან და ავტომატებიდან. დაიჭრა რამდენიმე ჯარისკაცი, გაიხსნა საპასუხო ცეცხლიც. მხოლოდ მაშინ გააცნობიერა ახალგაზრდა კაპრალმა სად იმყოფებოდა, და რასთან ექნებოდა საქმე მომდევნო 6 თვის განმავლობაში.
პრაქტიკულად ყოველდღიურად ბაზიდან გასვლა კონტაქტით სრულდებოდა. იყო ორმაგი თავდასხმის შემთხვევებიც, – როდესაც საპატრულო ჯგუფს უხსნიდა მოწინააღმდეგე ცეცხლს და პარალელურად ხდებოდა ბაზაზე შეტევაც.
პირველი დანაკარგი 33-ე ბატალიონმა ჰელმანდში ჩასვლიდან ერთ თვეში განიცადა, უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე ნაღმზე 27 მაისს აფეთქდა. 20 ივნისს, მუსაქალაში კონვოირებისას, დადიანის ქვედანაყოფი ჩასაფრებაში მოყვა. სამწუხაროდ, შემთხვევა მაშინაც მსხვერპლით დასრულდა – რიგითი გია გოგუაძე დაიღუპა. შემდეგი შემთხვევა 3 აგვისტოს მოხდა – დღე, როდესაც თემო დადიანი ნაღმზე აფეთქდა….
ყველა დეტალი ახსოვს დღესაც – როგორ ამოვარდა მტვრის უზარმაზარი ალი და ავარდა ჰაერში, მიწაზე დაცემისას ვერაფერს გრძნობდა გარდა იმისა, რომ სუნთქვა უჭირდა, სანამ თანამებრძოლები პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენდნენ ლამის გაიგუდა – ცხვირი და პირი სავსე ჰქონდა მიწით, ძლივს გაუთავისუფლეს.. შაშხანის ლულა ხელს უწვავდა, ხელთათმანი გაიძრო და შემდეგ მიხვდა, რომ ერთი თითი გააყოლა. ლულა სიცხეში ისედაც ცხელდებოდა, აფეთქებამ კი კიდევ უფრო გაახურა.
3 დღე ბაგრამის ბაზაზე იყო, შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს, მეათე დღეს გაიღვიძა, არ ახსოვდა როგორ დაურეკა დედას და დაამშვიდა. თითქოს მდგომარეობაც უმჯობესდებოდა, თუმცა მხოლოდ დროებით. გერმანიაშივე სისხლი მოეწამლა. 1 თვის შემდეგ მოვიდა გონს. თვისა და 20 დღის განმავლობაში მეტნაკლებად ცდილობდა აქტიურობას. 26 ოპერაცია ჩაუტარდა. ყველაზე რთული ტკივილგამაყუჩებლებზე უარის თქმა და ფანტომურ ტკივილებთან ბრძოლა აღმოჩნდა.
მკურნალობის შემდგომი ეტაპი საქართველო და გორის სამხედრო ჰოსპიტალი იყო. სწორედ იქ შეხვდა ორმაგ ამპუტირებულ ალიკა გითოლენდიას 31-ე ბატალიონიდან, რომელიც ჰოსპიტალში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად 1 წლისა და რამდენიმე თვის განმავლობაში და პრაქტიკულად ყველას „მასპინძლობდა“. გითოლენდია გახდა დადიანის მეგზური ახალ ცხოვრებაში.
2012 წელს, რეაბილიტაციის ახალი ეტაპი დაიწყო, ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებში . „ჩასვლის დღიდანვე მივხვდი რომ უნდა დამეწყო ახალი ცხოვრება, თავიდან ვერც კი წარმომედგინა, რომ ოდესმე გავივლიდი, სპორტზე საერთოდ არ მიფიქრია“. რეაბილიტაციის კურსზე კვირაში 5 დღის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობდა, დაჰყვებოდა ამერიკელ სამხედროებს, ამერიკაშივე კიდევ ორი ოპერაცია დასჭირდა – ძვლების წვეტიანი წანაზარდების ხელახალი ამპუტაცია ორივე ფეხზე და პრაქტიკულად თავიდან დაიწყო რეაბილიტაცია.
ამდენი სტრესისა და რეაბილიტაციის არაერთი ეტაპის შემდეგ, დადიანმა კლავ იპოვა საკუთარ თავში ძალა და ნაბიჯი გადადგა:მორიგი სამედიცინო პროცედურისას ფანჯრიდან სამხედრო დაინახა, რომელსაც ასევე ორმაგი ამპუტაცია ჰქონდა გაკეთებული, დადიოდა პროთეზებით და ამავდროულად სმარტფონზე ტექსტურ შეტყობინებას კრეფდა. ეს იყო აბსოლუტური გარდატეხა თემო დადიანის გონებასა და ფსიქოლოგიაში. აქამდე ვერც კი წარმოედგინა ცხოვრება ეტლის გარეშე.
ცენტრში, ვეტერანი მებრძოლი რიკი ჰერონი ავარჯიშებდა სამხედროებს ფარიკაობაში და დადიანმა თვითონაც დაიწყო ვარჯიში. დაშნით ფარიკაობდა, შემდეგ უკვე პროფესიული გაკვეთილები მიიღო, ვარჯიშობდა მარჯვენა – დაშავებული ხელით. ამერიკიდან დაუკავშირდნენ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას, შეიქმნა ეტლით ფარიკაობის ფედერაცია, სადაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვარჯიშობდა , გახდა საქართველოს სამგზის ჩემპიონი, თუმცა ფარიკაობა მისთვის სპორტის მხოლოდ პირველი სახეობა იყო.
2013 წელს მონაწილეობა ლოს-ანჯელესის ველომარათონში მიიღო – 26,2 მილი დაფარა და მეექვსე ადგილზე გავიდა. მანამდე იყო სერფინგიც და შედეგებიც კარგი ჰქონდა. გერმანიაში პარა-ველორბოლაშიც მიიღო მონაწილეობა და სპეციალური ველოსიპედებიც აჩუქეს. უკვე 2014 წელს კი „ჭკვიანი პროთეზები“ გაუკეთეს.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ დადიანმა სამოქალაქო განათლების მიღება გადაწყვეტა და საგარეო ურთიერთობების სპეციალობას დაეუფლა, პარალელურად დადიოდა ფარიკაობაზე, შემდეგ მკლავჭიდზე, ასევე აკეთებდა აზიდვებს – თავდაპირველად ნახევრად სერიოზულად მოკიდა ამ საქმეს ხელი, თუმცა მოგვიანებით მისი ეს „არასერიოზული“ გატაცება საკმაოდ სეროიზული წარმატების მომტანი აღმოჩნდა და მოგვიანებით ის გინესის ორგზის რეკორდსმენიც გახდა. 2015 წელს გახდა ჩემპიონი მკლავჭიდში.
„ჩემი გეგმა მაქსიმუმი არ არსებობს, ცხოვრების ბოლომდე აქტიური უნდა ვიყო“
თემოს ერთი ოცნებაც აქვს – სპორტული დარბაზი, სადაც დაშავებული სამხედროები და შეზღუდული შესაძლებლობის სამოქალაქო პირები ერთად ივარჯიშებენ და „შეუძლებელს“ შეძლებენ.
თემო დადიანი ფარიკაობაში საქართველოს სამგზის ჩემპიონია, მკლავჭიდში – მსოფლიოს სამგზის ვიცე ჩემპიონი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, გინესის ორგზის რეკორდსმენია აზიდვებშიც. 27 წლის კაპრალი ამჟამად გუდაურში კროსის კატეგორიაში ვარჯიშობს და პარათხილამურებით მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 14 თებერვალს კანადაში გაიმართება, წინ კი ამომავალი მზის ქვეყანაა, სადაც მარტში მსოფლიო თასისთვის იბრძოლებს.