პროტესტი ოპოზიციურ ფლანგზე და მესამე სექტორში.
ხელისუფლება ნეგატიურ გზავნილებს იღებს ცალკეული უცხოელი პარტნიორებისგანაც. ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ სამოქალაქო სექტორის უფლებებს ახსენებს. მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებულმა რეზონანსულმა კანონპროექტმა დაპირისპირების ახალი ტალღა წარმოქმნა. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა – უცხოური გავლენების შესახებ ერთი წლის წინ უკან გაწვეული და თავიდან წარდგენილი კანონპროექტი ისევ სხვადასხვანაირად იკითხება. შარშანდელი მასშტაბური აქციების გათვალისწინებით კვლავ ხმაურიანი განხილვებია მოსალოდნელი. თუმცა მმართველი გუნდის რიტორიკა ამჯერად ბევრად მწვავეა. „ქართული ოცნება“ ოპონენტების მხრიდან რუსულ კანონად გამოცხადებულ პროექტს ევროპული რეკომენდაციების კონტექსტში განიხილავს და პოზიციას უცხოურ გავლენებზე ევროპის ქვეყნებში ინიცირებული და უკვე მოქმედი კანონპროექტებით ამყარებს. ფინანსური დეკლარაციების წარდგენა და უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლებად დარეგისტრირება – ამ ვალდებულებას უწესებს სადავო ინიციატივა ყველა იმ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება.