პარლამენტში კიდევ ერთი ხმაურიანი განხილვა იწყება. ხვალიდან „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული ორი სადავო კანონპროექტი კომიტეტებში უნდა განიხილონ. შიდა პოლიტიკური მღელვარების პარალელურად, რიტორიკა და შეფასებები ყოველდღიურად მკაცრდება საერთაშორისო პარტნიორებისგან. საკანონმდებლო ინიციატივების მიმართ საკუთარი მკვეთრად ნეგატიური პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარესთან დააფიქსირა ევროკავშირის ელჩმა, რომელიც რამდენიმე ელჩთან ერთად დღეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერებს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაზიანებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ამერიკის ელჩი. ინიციატივის ავტორები და მმართველი პარტია კი უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს და ოპონენტებს საგნობრივ დისკუსიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.