„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა ხვალიდან იწყება. დეპუტატები კომიტეტების ფორმატში ორ დოკუმენტზე იმსჯელებენ.
საპარლამენტო ოპოზიცია არცერთ კანონპროექტს მხარს არ უჭერს. უკვე ცნობილია, რომ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტებს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, რადგან სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტებში ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საფრთხეებს ხედავს. ოპონენტები ამ ინიციატივას რუსულ კანონად მიიჩნევენ, რომელიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გასაჯაროებასა და უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში აღრიცხვას ავალდებულებს. ამ ბრალდებებს არც „ხალხის ძალაში“ და არც „ქართულ ოცნებაში“ არ იზიარებენ. პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა კი კანონპროექტის საკუთარი ვერსია დააინიცირეს. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტოსთან დაკავშირებით, მას მმართველი გუნდი ნაჩქარევს უწოდებს.