„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტში მომავალ სასესიო კვირაში, მესამე მოსმენით გაგრძელდება. პროცედურის მიხედვით, დოკუმენტს ჯერ კომიტეტზე განიხილავენ, შემდგომ კი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი. სადავო პროექტთან დაკავშირებით უცვლელია პოლიტიკური პოზიციები. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ„ ქართული ოცნების“ ინიციატივა რუსულია და არ ემსახურება ქვეყნის გაცხადებულ ინტერესებს. ოპოზიციურ სპექტრი კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ მიღებით საქართველო დაშორდება ევროინტეგრაციის გზას. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ კანონის მიზანი მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.