აქციების და პროტესტის მიუხედავად, რეზონანსული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია – ტაბლოზე 83 ხმა დაფიქსირდა.
პარლამენტში პოლიტიკურმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია. სიტყვიერი დაპირისპირება, მუშტების ბრახუნით გამოხატული პროტესტი, ტრიბუნებიდან გადმოფენილი ევროკავშირის და საქართველოს დროშები – ასეთი სურათი იყო კენჭისყრამდე სხდომათა დარბაზში. სიტუაციის განსამუხტად მანდატურების ჩარევა გახდა საჭირო. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი დარბაზიდან გააძევეს. ბოლო წუთამდე ოპონენტები ინიციატივის უკან გაწვევას ითხოვდნენ. კენჭისყრას წინ მწვავე დებატები უძღოდა. მოღალატე, აგენტი, რუსული კანონი – ძირითადად ეს სიტყვები ისმოდა ხმაურიანი განხილვის დროს. პროცედურა ასეთია – უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ პროექტი ახლა ისევ კომიტეტში დაბრუნდება, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე მას მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავენ. ევროინტეგრაციის საბოტაჟი და სამოქალაქო სექტორის გაჩუმების მცდელობა თუ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა – ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებები სულ უფრო მწვავდება. დღევანდელი კენჭისყრის პროცედურა პარლამენტის სხდომების უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და ხმაურიანი აღმოჩნდა.