„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ამ წუთებში ბიუროს სხდომას წარედგინება. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული დოკუმენტი, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომლებიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ. ასეთი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, შესაბამის ბაზაში დარეგისტრირდეს და ყოველწლიურად საფინანსო დეკლარაცია შეავსოს. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა 25 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტის თითქმის ერთი წლის შემდეგ ისევ პარლამენტში დაბრუნებას აკრიტიკებს და წარმოდგენილ ინიციატივას რუსულს უწოდებს, უმრავლესობის წევრები კი განმარტავენ, რომ პროექტი მხოლოდ იმ არასამთავრობო და მედიასექტორის გამჭვირვალობას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლები და ამ შემოსავლის ხარჯვის მიზანი აქამდე კითხვის ნიშნებს აჩენდა.