171-ით 25-ის წინააღმდეგ – საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის, „რენესანსის“ მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს გარე ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. კანონპროექტი ითვალისწინებს ოთხწლიან საცდელ პერიოდს, რაც დაზვერვის სამსახურებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ალგორითმული თვალთვალის ტექნიკა, რომელიც ამჟამად მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს „უცხოელი ხელმძღვანელობის ინტერესების წარმომადგენელთა“ რეესტრის შექმნას, რომელსაც მონიტორინგს გაუწევს საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო. აღნიშნული მოიცავს ლობისტებს, შუამავლებსა და ფანდრაიზერებს, რომლებიც მოქმედებენ მთავრობების, სახელმწიფო კომპანიებისა და უცხოური პოლიტიკური პარტიების სახელით. ეს კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკეს მემარცხენე პარტიებმა, რომლებიც შიშობენ, რომ ის გავლენას იქონიებს ინდივიდუალურ თავისუფლებებზე. კანონპროექტი დაფუძნებულია დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის ანგარიშზე, რომელიც ნოემბერში გამოქვეყნდა. ამ ანგარიშით დადგინდა, რომ არსებული მექანიზმები ეფექტური, თუმცა ზოგ შემთხვევაში არასაკმარისია გაზრდილი საფრთხის ფონზე. კანონპროექტს სენატი მაისში განიხილავს.