პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. დეპუტატებს ცვლილებების არსი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ გააცნო. ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ, დაცვა აღარ ეყოლებათ, თუმცა დაცვა შეიძლება დაენიშნოთ მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე.
ანზორ ჩუბინიძე განმარტავს, რომ ცვლილებები სახელმწიფო რესურსის რაციონალურად გამოყენების მიზნით ხორციელდება და მას პოლიტიკური კონტექსტი არ აქვს. მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია კი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ინტერესია, გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა მოუხსნან.