კანონპროექტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ
პარლამენტი დღეს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით განიხილავს. ცვლილებები ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტია, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს, ასევე ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას.
პარალელურად, ცნობილია ვენეციის კომისიის მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება ძალიან სენსიტიურ საკითხებს, იწყება იმ პერიოდში, რომელიც ხასიათდება ძლიერი და ხანგრძლივი მასობრივი პროტესტით, ძლიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დაძაბულობით, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ეს ხდება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ წამოჭრილ შეშფოთებას.
ვენეციის კომისია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტში შეიტანოს ისეთი ცვლილება, რაც დასაშვებს ხდის ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას. ამასთან მოხდეს სიტყვის – „ჰეტეროსექსუალური“ ტერმინით – „ერთი“ ან „ინდივიდუალური“ ჩანაცვლება; საკონსტიტუციო კანონპროექტის პირველი მუხლიდან პირველი ფრაზის წაშლა (გენეტიკური მონაცემების შესაბამისად) და მათი რეკომენდაციაა საკმარისად დეტალური, ზუსტი კანონის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ პროცედურებს ტრანსგენდერი პირებისთვის.