კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტში ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე ორშაბათს წარედგინება. ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შემდგარი პროექტი, საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს, ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება. კინოთეატრებში კი ამ მიმართულებით მხოლოდ ასაკობრივი შეზღუდვა იქნება. ოპოზიციისთვის კანონპროექტი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და მსჯელობის პროცესში ჩართვას არ აპირებენ. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ საყოველთაო სახალხო განხილვებმა წარდგენილი ინიციატივის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა ნათლად აჩვენა.