კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებები. დოკუმენტი სახალხო განხილვიდან მსჯელობისთვის საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაინიცირებულია და ორშაბათს ბიუროს სხდომას წარედგინება.
ცვლილებებით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვნის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.
მმართველ გუნდში კანონპროექტის მიღების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების შეფასება, ოპოზიციის ნაწილი წარდგენილ პროექტს „ქართული ოცნების“ მორიგ წინასაარჩევნო ფარსს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ცვლილებებს ბავშვთა უფლებების დაცვასთან საერთო არაფერი აქვს.