კანონპროექტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ
პარლამენტში კიდევ ერთი რეზონანსული საკანონმდებლო პაკეტის განსახილველად ემზადებიან.
ფსევდო-ლიბერალური და ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის მოტივით დაანონსებულ რეგულაციებს ახალი პუნქტები დაემატა. ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ინტიმური ურთიერთობის ჩვენების კუთხით აკრძალვები წესდება ტელევიზიებისთვის, ასევე კინო-ჩვენებების დროს. აიკრძალება იმავე შინაარსის რეკლამებიც. სქესის შეცვლა, ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის მითითება, ქორწინების ალტერნატიული კავშირი, ერთსქესიანი წყვილის მიერ შვილის აყვანა – ამ საკითხებზე ახალი პაკეტი კონკრეტულ შეზღუდვებს მოიცავს. ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე ვრცელი კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებს. სად გადის ზღვარი ადამიანის უფლებების დაცვასა და პროპაგანდას შორის და რამდენად დაიცავს ამ ზღვარს ახალი კანონი – ინიციატივამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ახალი რეგულაციები კონსტიტუციაში ცვლილებებს და შესაბამისად, 113 დეპუტატის ხმებს არ მოითხოვს. ამ შემთხვევაში უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება.