კანონპროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
78 მომხრე არცერთი წინააღმდეგი – საკანონმდებლო ორგანომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს არ აქვს ოპოზიციის მხარდაჭერა, მათი დიდი ნაწილი გუშინდელის მსგავსად, სხდომათა დარბაზშიც არ იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის პროცესი სწორედ ოპოზიციისთვის საკითხზე დროის მიცემის გამო გადაიდო. დღესვე საკანონმდებლო ორგანოს კენჭი უნდა ეყარა ამავე საკითხზე მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვისაც, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კენჭისყრა გადაიდო. მიზეზი კვლავ სხდომაზე ოპოზიციის არ ყოფნა დასახელდა და როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, კენჭისყრა შედგება მაშინ, როდესაც დარბაზში ოპოზიცია იქნება და ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. გარდა ამისა, დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ კიდევ ერთხელ ისაუბრა ვენეციის კომისიის მოსაზრებებზე.