20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა გრძელდება. იურიდიულმა კომიტეტმა დოკუმენტი მესამე მოსმენით უკვე განიხილა. პროექტი მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ამ კანონპროექტზე მსჯელობის განახლებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ნიკა მელიას პოლიტიკური ზიანი მიაყენოს. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ინიციატივა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან იმ პირების გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინეს დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით, უარს არ აცხადებენ მათ მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ კანონის მიღების აუცილებლობა შარლ მიშელის დოკუმენტით არის გაწერილი.