ვენეციის კომისიის დასკვნა ცნობილია. ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს რეკომენდაციაა, უკან გაიწვიონ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რომელმაც ინიცირებისთანავე ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. ახლა მთავარი კითხვაა, რჩება თუ არა სივრცე დისკუსიისთვის და კანონის კორექტირებისთვის – პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მმართველი გუნდი მომავალ კვირას გეგმავს. იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვეტო მოტივირებული შენიშვნების გარეშე წარადგინა, ვეტოს დაძლევის პროცედურის ფარგლებში კანონის შეცვლის პერსპექტივა გამოირიცხა. და ეს იმ ფონზე, როცა დასავლელი პარტნიორების მოწოდებების პასუხად მმართველმა გუნდმა წინა კვირას განაცხადა, რომ სამართლებრივი შენიშვნების წარდგენის შემთხვევაში მზად იყო, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს დისკუსია გაემართა და კანონში გარკვეული ცვლილებები შეეტანა. შეგახსენებთ, რომ რეზონანსული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში დაჩქარებული წესით შესაფასებლად 16 აპრილს გაგზავნეს.