„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და პარლამენტს დაუბრუნა. დოკუმენტს მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს, რაც ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მას არც ხელი მოაწერა, მაგრამ არც ვეტო დაადო. ასეთ შემთხვევაში, საკანონმდებლო განხილვები საჭირო აღარ არის და პაკეტს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე, რისთვისაც შალვა პაპუაშვილს ხუთდღიანი ვადა აქვს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 17 სექტემბერს მიიღო და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. დოკუმენტი განსაზღვრავს ქორწინებასთან, არასრულწლოვნის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.