83 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი. მეათე მოწვევის პარლამენტმა ამნისტიის შესახებ პროექტი, საბოლოო მესამე მოსმენით დაამტკიცა.საპარლამენტო უმრავლესობის ავტორობით მომზადებული დოკუმენტი სისხლის სამართლის კოდექსის 80-ზე მეტ მუხლზე გავრცელდება. ამნისტია 1500-მდე პატიმარს, 6000-მდე პრობაციონერს, ასევე 4000-მდე იმ ადამიანს შეეხება, რომელთაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სასამართლოს განაჩენებით დაეკისრათ ჯარიმები. ამნისტია სისტემატურ დანაშაულზე, მათ შორის სისტემატური ცემის ფაქტებზე არ ვრცელდება. რაც შეეხება ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს, რომელთაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი, მათ შემთხვევაში სასჯელი ვადიანი პატიმრობით შეიცვლება. ნარკოდანაშაულის ნაწილში სასჯელის შემსუბუქება მხოლოდ რეალიზაციის მუხლებს არ ეხება. დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის შემთხვევაში სასჯელი ნახევრდება, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში, მეოთხედით მცირდება. ამნისტიის ცალკეული მუხლები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ იქნება დაზარალებულის თანხმობა და ანაზღაურდება მიყენებული ზარალი. ამნისტია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებებს, ძალადობას, ოჯახურ კონფლიქტს, სამოხელეო დანაშაულებებს და ნარკოტიკების რეალიზებისთვის გასამართლებულებს არ შეეხებათ. ამნისტიის კანონი დამტკიცების შემდეგ ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. დოკუმენტი ძალაში ხელმოწერის შემდეგ ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ შევა.