მიიღებს თუ არა საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს – თემას რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ უფრო ააქტიურებს. რიკარდ იოზვიაკი, რომელიც საკუთარ პროგნოზებზე პერიოდულად წერს, ამჯერად საქართველოსთვის დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტის პროგნოზით, ოქტომბერში ევროკომისია საბოლოო ანგარიშში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. თუმცა, ცალკე გამოწვევად რჩება შემდეგი მთავარი ეტაპი, ანუ ევროპული საბჭოს მხრიდან საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რასაც 27 წევრ ქვეყანას შორის კონსენსუსი სჭირდება. თარიღის მოახლოებასთან ერთად პროგნოზები არაერთგვაროვანია ქართულ პოლიტიკურ წრეებში. მმართველი გუნდი ევროკომისიის 12-ვე პუნქტს პრაქტიკულად შესრულებულად მიიჩნევს და ოპონენტებს სტატუსის ხელოვნურად დაბლოკვის მცდელობაში ადანაშაულებს. ოპონენტების ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ გეოპოლიტიკური ფაქტორით იქნება განპირობებული.