კანდიდატის სტატუსის მოლოდინში

ორდღიანი შეხვედრები, რომლებზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, მიიღებს თუ არა საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

ხვალ და ზეგ ბრიუსელსა და სტოკჰოლმში ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური მინისტერიალი იგეგმება. ოქტომბრის დეტალურ ანგარიშამდე ევროკომისიამ უნდა წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება, თუ რამდენად ასრულებენ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კანდიდატობისთვის და გაწევრიანების დასაწყებად წაყენებულ პირობებს. აქვს თუ არა ჩვენს ქვეყანას პროგრესი – თუ რადიო თავისუფლების წინასწარ ინფორმაციას დავეყრდნობით, ევროკომისიის მიერ მიცემული 12 რეკომენდაციიდან სამი სრულად შესრულებულად მიიჩნევა, რვა, მათ შორის დეპოლარიზაციის პუნქტი – ნაწილობრივ, ერთი პუნქტი კი, რომელზეც ევროკომისია პროგრესს საერთოდ ვერ ხედავს, მედიის თავისუფლებას ეხება. ზეპირი მოხსენების მოლოდინში არაერთგვაროვანია პროგნოზები თბილისში. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას სტატუსის დასაბლოკად საბოტაჟში ადანაშაულებს და უარყოფით შეფასებებს ელოდება. თუმცა, გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით დეკემბერში დადებით გადაწყვეტილებას არ გამორიცხავს.

პრაქტიკულად ყველა რეკომენდაციას შესრულებულად აცხადებს მმართველი გუნდი.