სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევა, სავარაუდოდ, ხმაურიანად ჩაივლის.
განაცხადების წარდგენის ვადა ორ დღეში იწურება, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ოპოზიციასთან შეთანხმებით დაკომპლექტებული ცხრა კაციანი კომისია კანდიდატების შეფასებას დაიწყებს. მოგვიანებით კი პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების განხილვა უნდა დაიწყოს. არასამთავრობო ორგანიზაციები კონკურსში სამ კანდიდატს წარადგენენ, მათ შორის მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილეცაა. ოპოზიციის ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ მხოლოდ მესამე სექტორის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატურებს დაუჭერს მხარს. მმართველი პარტია კანდიდატების წარდგენის პროცესში არ მონაწილეობს, თუმცა საჭიროა პოლიტიკური კონსენსუსი, რადგან მომავალ ომბუდსმენს 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ დღევანდელ განცხადებებს გავითვალისწინებთ, კონსენსუსის მიღწევა მარტივი არ იქნება.