ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად იქცა უკრაინიდან გაკეთებული მწვავე განცხადებების განხილვაც.
მორიგი გზავნილის ავტორი ისევ დავით არახამიაა. უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქე რუსეთის მხარდაჭერის გამო საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდება. ამ პროგნოზს არახამია რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის და სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორის, მაიკ მაკფოლის ბოლო გზავნილითაც იმყარებს, რომლის მიხედვით ჯგუფი საქართველოდან გარკვეული ინდივიდების დასანქცირების თემასაც განიხილავს. არახამიას მსგავსი პროგნოზი აქვთ ცალკეულ ქართველ ოპოზიციონერ ლიდერებსაც, რომლებიც სანქცირებულთა ჩამონათვალში მოსახვედრ პირთა სიებს ადგენენ და დროდადრო აფართოებენ კიდეც. ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის დეპოლარიზების გზა სწორედ საქართველოს ყოფილი პრემიერის დასანქცირებაზე გადის.