საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მხარდამჭერებს მიმართა კამალა ჰარისმა. ჰოვარდის უნივერსიტეტში ჰარისის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდნენ მისი ოჯახის წევრები და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ტიმ უოლცი. ჰარისმა მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, გუნდის წევრებს, ქვეყნის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს მხარდაჭერისა და რწმენისთვის. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ამერიკელები არ უნდა იყვნენ რომელიმე პარტიის ან პრეზიდენტის ერთგულები, არამედ უნდა იყვნენ კონსტიტუციის, სინდისისა და ღმერთის ერთგულები. მისივე თქმით, ის ესაუბრა დონალდ ტრამპს და მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. ასევე განუცხადა, რომ ისინი დაეხმარებიან მას და მის ჯგუფს, ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემაში.