კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილს საგამოძიებო უწყებამ საქმის მასალები გადასცა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერმედია პლიუსის“ ყოფილ ხელმძღვანელს ზურაბ იაშვილს მათი ბრალდების საქმეზე საგამოძიებო უწყებამ საქმის მასალები გადასცა. ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას ადვოკატს ბრალის დადგენილება უკვე გადაეცათ, თუმცა, როდის ჩაინიშნება აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სხდომა, ჯერ უცნობია. იმის გამო, რომ ბრალდებული პირები პატიმრობაში არ იმყოფებიან, საგამოძიებო უწყება არ არის კონკრეტულ ვადებში შეზღუდული, რომ სასამართლოს მიმართოს.
დამენიას გამოძიება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება, ხოლო იაშვილს კომერციულ მოსყიდვაში მონაწილეობასა და დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს. რაც შეეხება ამავე საქმეზე ბრალდებულ ნიკა გვარამიას, რომელსაც ახალი ბრალის დადგენილება გააცნეს გუშინ, მას ძირ საქმეზე უკვე აქვს აღკვეთის ღონისძიება – 40 000-ლარიანი გირაო შეფარდებული, რომლის გადახდის 30-დღიანი ვადაც მომავალ კვირაში იწურება. მას გამოძიება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი თანხების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავება.