გვარამიას ახალი ბრალი წაუყენეს  

ნიკა გვარამიამ გენერალური პროკურატურა უკვე დატოვა. „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს დღეს ახალი ბრალდება წაუყენეს.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემდეგ მას ამჯერად ტელევიზიის კუთვნილი თანხების გაფლანგვაში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებასა და კომერციულ მოსყიდვაში  ადანაშაულებენ. საქმეში ისევ „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი სარეკლამო კომპანია „ინტერმედია პლიუსი“ ფიგურირებს. გამოძიების ვერსიით,  „ინტერმედიის“ ფინანსების გასაკონტროლებლად გვარამიამ კომპანიას 30%-იანი წილი მის მეგობარზე, კახა ანჯაფარიძეზე გადააფორმებინა, 2015 წლიდან კი კომპანიისგან მხოლოდ „რუსთავი 2“-ის არსებობისთვის საჭირო თანხების მოთხოვნა დაიწყო, რითაც პროკურატურის ვარაუდით, ტელევიზიის ქონება ანჯაფარიძის წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს სასარგებლოდ გაიფლანგა. საუბარია 7 მილიონამდე ლარზე.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, სქემაში მონაწილებდნენ „ინტერმედია პლიუსის“ დირექტორი, ასევე „რუსთავი 2“-ის ფინანსური დირექტორი, რომლებსაც დღეიდან ასევე ბრალდებულების სტატუსი აქვთ.