ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია კენჭისყრის პროცესს და შედეგებს ეხმაურებიან. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია. „ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დაკვირვებისა და დასკვნების თანახმად, არჩევნების დღე ზოგადად პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და ჩატარდა მოწესრიგებულად, თუმცა, გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ხშირი დარღვევებით ხმის მიცემის ფარულობის კუთხით და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობით, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ ცნობებით, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. განცხადებაში არის მოწოდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიისა და სხვა შესაბამისი ორგანოებისადმი, რომ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და მათთან დაკავშირებული ბრალდებები. განცხადებაში ასევე წერია, რომ 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.