„გააგრძელეთ ბრძოლა, ვიდრე ევროპული ოჯახის ნაწილი არ გახდებით“, – საქართველოს მიმართ ამ გზავნილით ასრულებს ჯეიმს აპატურაი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციაზე 10-წლიან მისიას. ხელისუფლების პირველ პირებთან დღევანდელი შეხვედრები იმ პროგრესზე საუბარს დაეთმო, რომელსაც ქვეყანამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიაღწია. ამის დასტურად აპატურაი ნატოს ბოლო სამიტის კომუნიკეს ასახელებს, სადაც რეფორმების მხრივ ქვეყნის მიღწევებია აღიარებული. რუსეთიდან გაზრდილი საფრთხეების ფონზე ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შავი ზღვის რეგიონში ნატოს მეტი ჩართულობის აუცილებლობაზეც მიუთითებს. აპატურაის ყურადღების მიღმა არც ქვეყანაში ბოლო არჩევნების შემდეგ განვითარებული პროცესები და მიმდინარე მოვლენები დარჩენია. მმართველ პარტიასთან და ოპოზიციასთან შეხვედრების დროს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა შარლ მიშელის შეთანხმება და სასამართლო რეფორმა იყო.