ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოფელ გუგუტიანთკარში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება.
ჯეიმს აპატურაი საოკუპაციო ძალების მიერ მათულხლართების აღმართვას უკანონოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ქმედებები ქმნის დამატებით სირთულეებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
„საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დეფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ქართულ სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების ინსტალაცია და გადაადგილება. ეს ქმნის დამატებით სირთულეებს, რადგან ადამიანებს თავიანთ მიწას, ოჯახებისა და მეგობრებისგან წყვეტს. ეს ასევე არის უკანონო. ნატო კვლავ მოუწოდებს ამ საქმიანობის შეწყვეტას და გაუქმებას. ნატო აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯეიმს აპატურაი „ფეისბუქში“.
ბორდერიზაციის პროცესი დაგმო ესტონეთის პრეზიდენტმაც. კერსტი კალულაიდი ტვიტერში წერს: „დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა კიდევ ერთხელ დავუდასტურო, რომ ესტონეთი გმობს ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას ბოროტების ხაზზე საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ნაწილების ოკუპაციას არ დაივიწყებს“,- განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.