დიპლომატიური სკანდალია აგორებული გერმანიასა და რუსეთს შორის.
ბერლინიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევებას შესაძლოა მოსკოვმაც ანალოგიური ნაბიჯით უპასუხოს. რუსეთი იმუქრება. ურთიერთობების გამწვავების მიზეზი საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაა, რომელიც აგვისტოში მოხდა. გერმანიის სამართალდამცავი უწყებები დანაშაულის მიღმა რუსულ კვალს ხედავენ. მკვლელობის სავარაუდო შემკვეთად რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო განიხილება. ეროვნებით ჩეჩენი ხანგოშვილი გერმანიაში თავშესაფრის მიღებას ითხოვდა. რამდენიმე თავდასხმა მასზე საქართველოში ყოფნის პერიოდშიც მოხდა. გახმაურებული დანაშაულის გამოძიებაში გერმანიის მთავარი პროკურატურა ერთვება.
ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელი რეზონანსულ საქმეს 9 დეკემბერს ნორმანდიული ოთხეულის ფარგლებში პირადად პუტინთან განიხილავს.