გორის რაიონულ სასამართლოში ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესი, სადაც აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ, მოსამართლემ დახურა. დაცვის მხარე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას, ბრალდების მხარე კი აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. პროკურატურამ სამ დაკავებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინა.
თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობასაც ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, მომხდარი შურისძიებას უკავშირდება. გამოძიებისვე ინფორმაციით, მუქარისა და სასტიკი მოპყრობის გამო, ირაკლი აფრიამაშვილი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით ის ჩამომხრჩვალი იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ ჯარისკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში 12 იანვარს გარდაცვლილი იპოვეს.