შაორის ტბაზე მომხდარი ტრაგედია

შაორის ტბაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მათ მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ. გარდაცვლილის მეზობლებისა და თანასოფლელების ინფორმაციით, ექსკურსიაზე ყოფნის დროს ბავშვი წყალში გადავარდა. სავარაუდოდ, მოზარდმა ცურვა არ იცოდა. ერთ-ერთ ვერსიით, ის ფოტოს იღებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გადავარდა.

მაშველებმა შაორის ტბაში ჩავარდნილი 14 წლის ბიჭის ცხედარი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. „მოამბე“ შეეცადა სკოლის დირექტორთან დაკავშირებას, თუმცა, მას მომხდარ ფაქტზე ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.

შაორის ტბაზე დაღუპული ბავშვის ცხედარი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში გადაასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.