„მოამბის“ ექსკლუზივი.
იაღლუჯას ბაზის გახმაურებული საქმიდან ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მთავარი ფიგურანტების ჩვენებები და ის მასალები მოიპოვა, რომლებიც საქმეში მტკიცებულებებად დევს. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის ობიექტების თანამშრომლებზე, რომლებსაც ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ედებათ ბრალი. შესაძლოა ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. დაზარალებული სამხედროები დასჯის აკრძალული მეთოდების გამოყენებაში ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებსაც ადანაშაულებენ. დაასახელა თუ არა სხვა ფიგურანტები თავად ერთ-ერთმა ბრალდებულმაც, ამას გამოძიება ჯერ არ ახმაურებს. „მოამბის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ჩვენებებში სამხედრო მოსამსახურეები დეტალურად ყვებიან იმ დამამცირებელ და არაადამიანურ ქმედებებზე, რომლებიც 2020 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერმანენტულად ხდებოდა.