კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე თავდაცვისა და განათლების მინისტრების მოადგილეებმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების როლზე, განათლების მნიშვნელობასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საკითხებზე. მოსწავლეებს საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.
წელს „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის უწყებამ სამ ლოკაციაზე: კოჯორში – სერჟანტთა აკადემიაში, საჩხერეში – პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლასა და ახალქალაქში – უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში უმასპინძლა. რვა როტაციის ფარგლებში, მე-10 და მე-11 კლასების 2200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. სკოლის მოსწავლეებმა, სერჟანტების დახმარებით, ძირითად სამხედრო დისციპლინებში თეორიული და პრაქტიკული მომზადება გაიარეს.