„ალ შიფას საავადყოფო სიკვდილის ზონად იქცა“- ასე შეაფასა ღაზის სამედიცინო დაწესებულებაში არსებული სიტუაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. ამ ვითარების ფონზე კი ისრაელის არმია ჩრდილოეთ ღაზაში ოპერაციას აფართოებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ზაიტუნისა და ჯაბალიას რაიონებში საბრძოლო მოქმედებები აწარმოეს, რის შედეგადაც, მათივე ინფორმაციით, „ჰამასის“ რამდენიმე წევრია განეიტრალებული, დაბომბილია ტერორისტების ინფრასტრუქტურაც. პარალელურად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმება იმ მძევლების გათავისუფლების შესახებ, რომლებიც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმების დროს დაატყვევა. ნეთანიაჰუმ უარყო ის ინფორმაციაც, რომ ისრაელი განიხილავს წინადადებას მინიმუმ 50 გატაცებულის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი კი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ჩაერიოს ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად.