მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტი ჯანდაცვის მინისტრს უსმენს.
ზურაბ აზარაშვილი მინისტრის სტატუსით საკანონმდებლო ორგანოში პირველად წარსდგა. მან უწყების გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მთავარი აქცენტი გაკეთდა თურქული ბაზრის გახსნასა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ზურაბ აზარაშვილის თქმით, თურქეთიდან იმპორტირებული წამლები ორი თვის განმავლობაში 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა და 50 მილიონი ლარის ნაცვლად 15 მილიონი ლარი დახარჯა. მინისტრმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა პანდემიასა და მის მართვაზე. ასევე იძულებით გადაადგილებული პირების ბინებით უზრუნველყოფაზე. ზურაბ აზარაშვილის გამოსვლის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვების დიდი ნაწილი დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასვეს. ამ საკითხით როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ. კითხვები ეხებოდა პანდემიას და პანდემიის პერიოდში დახარჯული მილიარდი ლარის მიზნობრიობის საკითხს. ასევე ჯანდაცვის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებს და მასთან დაკავშირებულ ხარვეზებს.