ივანე ჩხაიძის განცხადება

ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მედიკამენტოზური მკურნალობის პროტოკოლზე მუშაობს, დოკუმენტს ივნისის პირველ კვირაში მოამზადებს, – ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, პროტოკოლი დასკვნით ფაზაშია. დამტკიცების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო მზაობას გამოთქვამს, დაუყოვნებლივ გამოყოს თანხები აქონდროპლაზიის სამკურნალოდ შექმნილი ახალი მედიკამენტის შესაძენად.

მედიკოსის განმარტებით, პროტოკოლში გაწერილი იქნება კრიტერიუმები, რომელიც განსაზღვრავს და უზრუნველყოფს პრეპარატის უსაფრთხოდ მიღების წესებს. მისივე თქმით, პროტოკოლი უცხოელ სპეციალისტებთან კონსულტაციებითა და თანამშრომლობით მუშავდება.

საქართველოს მასშტაბით სულ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე 14 ბავშვია, ჩხაიძის ინფორმაციით, მკურნალობის ერთი კურსის ღირებულა 250 ათასი დოლარია და მისი მიღება 15 წლის ასაკამდე შეიძლება.