იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები კვლავ ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობენ.
ნაზი ჯანეზაშვილის მტკიცებით, მოსამართლე წევრები მათი მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო ემუქრებიან. ანა დოლიძე კი განმარტავს, რომ სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც, საბჭოს წევრის საქმიანობაში ჩარევა დასჯადია, დოლიძემ კოლეგის ამგვარი მითითება მუქარად აღიქვა. სერგო მეთოფიშვილი კი ამბობს, რომ დოლიძეს კანონი მხოლოდ მას შემდეგ შეახსენა, რაც მან ეთიკის ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.
დღევანდელი სხდომა, სადაც სულ ცხრა საკითხი განიხილეს, კამათის ფონზე მიმდინარეობდა. მათ შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სწორედ სხდომების დახურვის მოთხოვნამ, რაზეც აზრთა სხვადასხვაობის გამო, საბჭოს წევრები ვერ შეთანხმდნენ.