იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე 37 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა.
კენჭი ეყარათ მოსამართლეებს, რომლებიც სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნული. საბჭოს დღევანდელი სხდომა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკით დაიწყო. განცხადება საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გააკეთა. ის სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილს აკრიტიკებს, სადაც საუბარია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გიორგი ტყავაძის განათლების ხარისხზე. გვრიტიშვილის ინიციატივით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წერილობით შეიმუშავებს ომბუდსმენის ანგარიშის კონტრშენიშვნებს.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საბჭოს მოსამართლე წევრის დღევანდელ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს.